არდადეგებზე ყოფნისას, ზედმეტი სიცელქის გამო, ბებიისგან წვივებში ჭინჭარი ვის არ მოგხვედრიათ?... დასუსხული კანი ეფექტური სიგნალი იყო ბავშვისთვის ქცევის კორექცია მოეხდინა. წინააღმდეგ შემთხვევაში რიგში უფრო მკაცრი სასჯელებიც იყო: სახლში გამოკეტვა, მდინარეზე საბანაოდ ან ფეხბურთის სათამაშოდ არ გაშვება.
ვის დასუსხავს უკრაინული სანქციები, რომლის ქვეშაც ივანიშვილის გარემოცვა მოექცა?
არადა კიევის მხრიდან გაფრთხილებები გაზაფხულზევე დაიწყო, როდესაც უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ქართული მხარე რუსეთისთვის სამხედრო თუ ორმაგი დანიშნულების სანქცირებული ტვირთების გატარებაში დაადანაშაულა. მალევე საგანგაშო სიგნალები გაისმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდანაც. საქართველოს ხელისუფლებამ გზავნილს გაფრთხილებების გათვალისწინების, ან მძიმე ბრალდებების არგუმენტირებულად უარყოფის ნაცვლად, ზელენსკისა და მისი გუნდის ლანძღვით და ანტი-დასავლური რიტორიკის გააქტიურებით უპასუხა. მეტიც, ოცნების ლიდერებმა კიევის ეს პოზიცია დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის სურვილით ახსნეს. შედეგად პროცესიც დაიძრა. სულ რამდენიმე თვე დაჭირდა იმას, რომ ივანიშვილის ნათესავები და ბიზნეს გარემოცვა სანქცირებულთა სიაში აღმოჩენილიყვნენ. მართალია იყო დროებითი დათბობის თუ უკანდახევის პერიოდებიც, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ლამის იძულებითი ვიზიტი ბუჩაში თუ მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუმცა ამან საქმეს ვერ უშველა. როგორც ჩანს, ამ ხნის განმავლობაში მილიარდერი კვლავ აგრძელებდა მოსკოვთან თანამშრომლობას, ოცნების მთავრობა კი ანტი-უკრაინული თუ ანტი-დასავლური პროპაგანდის მასშტაბს თანმიმდევრულად ზრდიდა.
და რატომ პირდაპირ ივანიშვილი არა?
პრეზიდენტ ზელენსკის ხომ მარტივად შეეძლო სანქცირებულთა სია ბიძინათი დაეწყო? მითუმეტეს, ყველასთვის ცხადია, რომ ივანიშვილის ნათესავების ბიზნესინტერესები ბიძინას ინტერესებისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ისიც, რომ სანქცირებულთა სია ქართული ოლიგარქიულ-კლეპტოკრატიული ვერტიკალის კარგად მცოდნეების შედგენილია. ხოლო დასანქცირებულები ის ადამიანებია, რომლებიც ივანიშვილისვე რესურსების ცირკულაციისთვის აუცილებელი რგოლები არიან. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ კიევის ეს ნაბიჯი დიდი ალბათობით დასავლეთთან არის კოორდინირებული, სადაც ივანიშვილის რუსულ ინტერესებთან მიმართებაში აზრი უკვე მკაფიოდაა ჩამოყალიბებული, თუმცა მისი შედეგების პრევენციის და განეიტრალების კონტექსტში ძალიან ფრთხილები არიან. მათ არ სურთ, რომ საქართველოს ფაქტობრივ მმართველზე პირდაპირი იერიშის მიტანით ქვეყანა დარტყმის ქვეშ დააყენონ, ხოლო ივანიშვილს შანსსა და სივრცეს უტოვებენ პრო-რუსული პოლიტიკა შეცვალოს. და თუ მილიარდერი კვლავ არ შეისმენს ამ გაფრთხილებას, უკრაინა, რომელიც დღეს რუსეთთან ბრძოლის ავანგარდშია და დასავლეთთან შედარებით ბევრად ხისტი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, არც იმას მოერიდება რომ სიის სათავეში თავად ივანიშვილი დააყენოს, და პირველ ეტაპზე, ტრადიციული მოკავშირეები: ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ბრიტანეთი, მოგვიანებით კი ევროკავშირი და შეერთებული შტატები მასთან მიერთებაზე დაითანხმოს.
მართალია, ბოლო წლების განმავლობაში ივანიშვილის პოლიტიკური სტრატეგიის ღერძს დასავლეთის საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებით შანტაჟი წარმოადგენდა, თუმცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ის თავად ხდება ამ სტრატეგიის მსხვერპლი. მილიარდერი, რომლის გარშემოც ყულფი სწრაფად ვიწროვდება, დღეს ორ ცეცხლს შუაა. თუ ის ღიად პრო-რუსულ, ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის, ანტი-დასავლურ და ანტი-უკრაინულ პოლიტიკას გააგრძელებს, მაშინ საკუთარი ნათესავების მსგავსად სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდება, სადამსჯელო ღონისძიებების საერთაშორისო მასშტაბებში გადაზრდა კი უბრალოდ დროის საკითხი იქნება; და თუ არ გააგრძელებს და საჭეს შემოატრიალებს, ამან შესაძლოა სანქციები დროებით შეაჩეროს, თუმცა დასავლეთში ის ვერც ნდობას აღიდგენს და ვეღარც მოკავშირეობას დაიბრუნებს. რუსეთის ღალატისთვის კი მას აუცილებლად მოსთხოვს პასუხს პუტინი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის დასრულება ერთი განცხადებითაც კი შეუძლია.
უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმასაც, თუ როგორ მოიქცევა საქართველოს კლეპტოკრატიული ელიტა, რომელმაც ივანიშვილთან "ქორწინება" მხოლოდ იმიტომ გააფორმა, რომ ტენდერებზე, სახელმწიფო ქონებასა და ბიუჯეტზე წვდომა ჰქონოდა და კაპიტალი დაეგროვებინა, რომლის ნაწილი საქართველოში, ნაწილი კი დასავლეთშია აკუმულირებული. სანქციების ტალღის მოახლოების პირობებში კი მათ ქონებას და "ევროპებში" მოგზაურობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება. ამიტომ, პირველ რიგში, ვინც ივანიშვილის გემიდან გაქცევას დაიწყებს, სწორედ ეს ადამიანები იქნებიან და არა პარლამენტში შემთხვევით მოხვედრილი მოლაპარაკე თავები, რომელთა უმრავლესობასაც მართალია აქვს მცირე სახრავი ბიუჯეტიდან და ყოველთვიური დანამატი შავი სალაროდან, თუმცა მათი გავლენა და რესურსები ივანიშვილის კლეპტოკრატიული ელიტისას ბევრად ჩამოუვარდება.
დასანქცირდება თუ არა პირადად ივანიშვილი? რა დრო დაჭირდება უკრაინას ომის გამარჯვებამდე მისაყვანად? რამდენად დასუსტდება და რა ფორმას მიიღებს დამარცხებული რუსეთი? ან როგორი იქნება ვაშინგტონისა და ბრიუსელის საბოლოო პოლიტიკა ოცნების ხელისუფლებასთან მიმართებაში? - ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, თუმცა ავტომატურად არ განაპირობებს ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებას ან დაკარგვას. ბიძინას დიქტატორად ქცევისა და საქართველოს ბელარუსიზაციის პრევენციის მთავარი მექანიზმი მხოლოდ აქტიური და კარგად ორგანიზებული შიდა წინააღმდეგობა იქნება, რაც ოპოზიციისა და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. და თუ ამას ვერ შევძლებთ, ნუ გაგვიკვირდება რომ ერთ დღესაც გავიღვიძოთ დასუსტებული და ცივილიზებული სამყაროსგან სრულად მოწყვეტილი რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ კიდევ უფრო დაუძლურებული და იზოლირებული ივანიშვილის სამფლობელოში, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ამბიციური ქართული სახელმწიფო ერქვა.